ENG


ისტორიული შენობა


აკადემიის ისტორიული შენობა მე-XIX საუკუნის 50-იან წლებშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია ევროპული და აღმოსავლური არქიტექტურის ნიშან-თვისებები. ამ ძეგლის მთავარ ღირსშესანიშნაობას ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ შემკული ე.წ.  სარკეებიანი დარბაზები წარმოადგენს, რომლებიც აღმოსავლური სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეკორით მდიდრულადაა მორთული.


დაარსების წინა პერიოდი


თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებას წინ აქტიური ცხოვრება უძღვოდა. 1874 წელს ’’სამხატვრო საზოგადოებამ’’თბილისში დააარსა საქართველოში პირველი დაწყებითი სამხატვრო სკოლა. 1901 წელს თბილისში გაიხსნა საშუალო სამხატვრო სასწავლებელი ფერწერისა და ქანდაკების სკოლა, რომელსაც პატრონაჟს უწევდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო სასწავლებელი. 1921 წ-დე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებობდა კერძო სამხატვრო სკოლები. 1921 წლის ბოლოს შეიქმნა ე.წ. უმაღლესი სამხატვრო სახელოსნოები, 1922 წლის დასაწყისში კი მოსე თოიძემ დააარსა სახალხო სტუდია.


ქართულ საზოგადოებას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საქართველოში სამხატვრო განათლების სრულყოფისთვის ეს ყოველივე საკმარისი არ გახლდათ და საჭირო იყო უმაღლესი სამხატვრო საგანმანათლებლო ინსტიტუციის დაფუძნება, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდები გააგრძელებდნენ სწავლას. ამისათვის აქტიურად მოღვაწეობდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ 1916 წელს დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. ამ აქტიურობამ საბოლოოდ 1922 წელს გამოიღო შედეგი.


დაარსება


1922 წლის 8 მარტს, განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებით, დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია (ასევე ერქვა მას თავდაპირველად) - პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში, და ერთ-ერთი იმ სამ აკადემიას შორის (ლენინგრადის, რიგისა და თბილისის აკადემიები), რომლებიც საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა. სახალხო კომისარიატის ტექსტში ეწერა: «აკადემია აგებული ცოცხალი ბუნების შესწავლის პრინციპებზე არსდება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პლასტიკური ყველა დარგის შესწავლას საქართველოში».


პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ოთხი ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის და ხუროთმოძღვრების. მოგვიანებით, 1925 წელს აკადემიის კერამიკული სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო, ხოლო უკვე 1927 წლის შემოდგომაზე ქანდაკების ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკის განყოფილება.


1922 წლის 22 აპრილიდან აკადემიას მართავდა პროფესორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ანატოლი კალგინი, ნიკოლოზ სევეროვი. 1922 წლის 14 მაისს აკადემიის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე აირჩიეს აკადემიის პირველი რექტორი - ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი...

   
 

ნახეთ სრულად