1928 წელს სამხატვრო აკადემიის რექტორის, ცნობილი კრიტიკოსის და ხელოვნებათმცოდნის, ალექსანდრე დუდუჩავას თაოსნობით, აკადემიის სტუდენტთა და ასპირანტ-სტაჟიორთა საუკეთესო ნამუშევრების ფონდი შეიქმნა. საფონდო კოლექციები გაამდიდრა საქართველოს სამხატვრო აკადემიის (იმჟამინდელი სახელწოდება) პროფესორ-მასწავლებელთა და მათ საკუთრებაში არსებული სხვა გამოჩენილი მხატვრების ტილოებმა. ეს გახლავთ დროთა განმავლობაში ხელოვნების სხვადასხვა დარგის (მეთუნეობა, თექა, ჭედურობა, ტიხრული მინანქარი და სხვ.) ნამუშევრები, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები.
1990-იან წლების ფონდის ბაზაზე შეიქმნა მუზეუმი, რომელიც განთავსდა სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის მეორე სართულზე, გვიანირანული მხატვრული სტილით მორთულ დარბაზებში (საზოგადოებისათვის “სარკეებიანი დარბაზების” სახელით ცნობილი).
მუზეუმის ფონდებში დღეისთვის დაცულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის მხატვართა 1000-ზე მეტი ნამუშევარი; სახელდობრ გ. გაბაშვილის ისეთი მნიშვნელოვანი ტილოები, როგორიცაა: “ხევსურთ ღრეობა“, “ხევსურები სადარაჯოზე“, “სამი გენერალი“, “სამარყანდის ბაზარი” (ნამუშევრები დროებით ინახება “თიბისი ბანკის” სათავო შენობაში); ე. ახვლედიანის “თელავის კუთხე”; ა. ციმაკურიძის “ბოტანიკური ბაღი“; მოსე თოიძის “მარიამ დედოფალი“, “მხა- ტვრის სახელოსნოში”; კ.ზდანევიჩის “ნატურმორტი”; თ.ბალანჩივაძის “კაცი თეთრი ჩალმით” და სხვ.
ფონდსაცავის მნიშვნელოვან კოლექციებს ქმნიან XX საუკუნის 20-50-იანი წლების სტუდენტების, შემდგომში აღიარებული მხატვრების: ბ.ტირაცოვის, კ.სანაძის, ე.ამბოკაძის, დ.ხახუტაშვილის, კ.მახარაძის, ლ.ბაიახჩიევის, გ.თოთიბაძის, ლ.ცუცქირიძის, ო.მიშინის და სხვათა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები ...