ENG

თურქი მხატვრის გულაი ილდირიმ აის გამოფენა „სიცარიელე’’

25 / 05 / 2022

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თურქეთის საელჩოსა და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის საქართველოში - ორგანიზებით 2022 წლის 30 მაისს 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო სივრცეში გაიმართება თურქი მხატვრის გულაი ილდირიმ აის გამოფენა „სიცარიელე,’’ რომელიც ეძღვნება თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს.
აღსანიშნავია, რომ კულტურული სექტორის მხრიდან ამ მნიშვნელობის ღონისძიების გამართვა გულისხმობს არსებული დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის. თურქი მხატვრის, გულაი ილდირიმ აის გამოფენის ორგანიზება ხელს იწყობს ახალი შემოქმედებითი პერსპექტივების გაჩენას.
დაანონსებული გამოფენის მიზანია თანამედროვე თურქი მხატვრის, გულაი ილდირიმ აის, სამეტყველო ენის გაცნობა ქართული საზოგადოებისთვის, რაც უპირველეს ყოვლისა გამოფენის თემატიკით განისაზღვრება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ ორი ქვეყნის კულტურათაშორისი დიალოგის წარმატებულ წარმართვას.
ნიშანდობლივია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის გულაი ილდირიმ აის მამის, ქენან ილდირიმის (პატარიძის) საარქივო მასალა. სწორედ გამოფენის ეს გაცნობითი განაცხადი წამოწევს საქართველოსა და თურქეთის ისტორიული პლასტის მნიშვნელოვნებას.
თბილისის სახელმწოფო სამხატვრო აკადემია წარსდგება, როგორც მასპინძელი, რომელიც ყოველთვის მზად არის შექმნას და ხელი შეუწყოს განსხვავებული დიაპაზონის მსუყე პროპაგანდისტულ-კულტურული სივრცის პოპულარიზაციას.
გამოფენა გაგრძელდება 8 ივნისის ჩათვლით.
კურატორი: ნინო გუჯაბიძე
თანაკურატორი: ნატალია ნიქაცაძე

სალომე ქობულაშვილის საგამოფენო პროექტი: “დაბრუნება სახლში“

16 / 05 / 2022

სალომე ქობულაშვილის საგამოფენო პროექტი: “დაბრუნება სახლში“ ერთგვარად წინაპართა ესთეტიური ხედვის, მათი ემპირიული გამოცდილების გაცოცხლებაა. ავტორის მხატვრული ინტუიციის წყალობით ხერხდება 120 წლის ქობულაშვილების სასახლის ისტორიულ წარსულთან სახელოვნებო კომუნიკაცია. სწორედ ეს არის მისი შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო, რაც საოცარ მხატვრულ ალუზიებად ტრანსფორმირდება. ტრანსფორმაციის ძირითადი საყრდენი კი ავტორის მიერ განსხვავებული ფაქტურების მოძიების, მათი ერთ მთლიანობად წარმოსახვის ინტუიციური უნარია.
ამდენად ფაქტურების მრავალფეროვნება, თითოეულ ნამუშევარში სხვადასხვა ფაქტურის იუველირული სიფაქიზით შერწყმა, მათი ორგანული თანაარსებობა, პლასტიური ორნამენტები, სალომე ქობულაშვილის შემოქმედების მახასიათებლად, თავისებურ სავიზიტო ბარათად იქცა. ხოლო ამ საოცარ ფორმებს, ხელოვნების ნიმუშად ავტორის იუველირული ოსტატობა, მაღალი "ხელოსნობა“ აქცევს.
გამოფენა ეძღვნება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის თავს.
გამოფენის კურატორი: ნინო გუჯაბიძე
თანაკურატორი: ნატალია ნიქაცაძე
გამოფენის დიზაინი: ვატო ხოშტარია 

გამოფენის გახსნა: 20 აპრილი, 18:00 საათზე

წიგნის კონსერვაციის ვორქშოფი. პროფესორების მობილობა ტარტუდან(ესტონეთი)

20 / 04 / 2022

2022 წლის 11-14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა პალასის (ტარტუ, ესტონეთი) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ტყავისა და კონსერვაციის დეპარტამენტის (https://pallasart.ee/en/) ხელმძღვანელის, ბატონი RenéHaljasmäe ლექციებისა და ვორქშოფების სერია. მან  სტუდენტებსა და კოლეგებს გააცნო ესტონეთში წიგნისა და ქაღალდის კონსერვაციის ისტორია და მეთოდოლოგია, ასევე ბიბლიოთეკებსა და არქივებში წიგნის კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები.