|
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს პირს, რომელსაც 2022 წლის 21 მარტამდე არ შესრულებია 30 წელი და რომელიც სწავლობს ან მუშაობს ხელოვნების სფეროში. კონკურსის მონაწილეს, სასურველია, ჰქონდეს სახელოვნებო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და, ასევე, უცხო ქვეყანაში დამოუკიდებელი ცხოვრების გარკვეული გამოცდილება. კონკურსანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებით (B2, The Common European Framework of Reference for Languages-ის კლასიფიკაციით), უნდა იყოს კომუნიკაბელური, ორგანიზებული და შრომისმოყვარე, გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილების მიღების, დროის ეფექტურად განაწილებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი. კონკურსანტმა უნდა ახსნას, თუ რატომ სურს პროგრამაში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მისთვის მიცემულ ამ შესაძლებლობას როგორც თავისი კარიერის განვითარების, ისე ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნებისათვის. კონკურსის შედეგად შეირჩევა 7 ახალგაზრდა და მათთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თითოეული მათგანი ვალდებული იქნება, ვენეციაში დაჰყოს ერთი თვე (30-35 დღე). მოცემული ერთი თვის განმავლობაში, შერჩეულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული პავილიონის ზედამხედველობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც საგამოფენო სივრცის დირექციასთან, ასევე საქართველოს ეროვნული პავილიონის კომისართან. სანაცვლოდ, კულტურის სამინისტრო გამარჯვებულ კანდიდატებს დაუფინანსებს ორმხრივ სამგზავრო ბილეთს, საცხოვრებელ ბინასა და დღიურ ხარჯებს. სარეზიდენციო პროგრამის მიზნებისათვის, ვენეციაში სამინისტროს მიერ უკვე არის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შესაბამის საცხოვრებელ ფართზე მიმდინარე წლის 13 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისთვის, რაც მოიცავს ბიენალეს მოსამზადებელ და ასევე გამოფენის დასრულებისას - პროექტის დახურვისთვის საჭირო პერიოდს. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პირი ვერ/არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, არ მოუფრთხილდება მისთვის ჩაბარებულ ქონებას ან სხვაგვარად დაარღვევს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს, ის გამოწვეული იქნება სარეზიდენციო პროგრამის ადგილიდან და მის ნაცვლად ვენეციაში გაიგზავნება ქულების მიხედვით მომდევნო საუკეთესო კანდიდატი. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 7 მარტიდან 21 მარტის 18:00 საათამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 30 მარტისა. საკონკურსოდ მიღებულ პროექტებს შეაფასებს სპეციალური კომისია, რომლის წევრებსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეარჩევს. ვრცლად საკონკურსო პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ აქ: https://cutt.ly/4AbDvhn ინფორმაციისთვის, 2021 წლის 5 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად, ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. კონკურსის წესით შეირჩევა 7 რეზიდენტი, რომელთაგან თითოეულს ერთი თვის განმავლობაში მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით. ცნობისათვის, ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, ხოლო ბიენალეს ქართველი კომისარია მაგდა გურული. საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა: „რძე სიზმრებისა“, რომელზეც საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგება. |