ENG


სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი და კირილე ზდანევიჩის სახელობის არტისტული-წიგნის პრემია

21 / 10 / 2022

 
კირილე ზდანევიჩის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წლის 13-20 ნოემბერს გაიმართება  სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი არტისტული წიგნის დარგში ‘K.Z. Art Prize’.

კირილე ზდანევიჩის ხელოვნება ერთდროულად არის ძალიან ქართული და ამავე დროს, თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა კულტურული ტრადიციის ზოგად იდეებს. მისი ნებისმიერი ნაშრომი მოულოდნელი მხატვრული გადაწყვეტითა და მაღალპროფესიული შესრულებით მუდამ საინტერესო და ნოვატორულია. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა არტისტული წიგნი, რომლის შექმნის სათავეში საქართველოში სხვებთან ერთად კირილე ზდანევიჩიც იდგა.

არტისტული წიგნი XXს-ის დასაწყისში საფრანგეთში ჩაისახა, როგორც ექსპერიმენტების, ტრადიციული წიგნის უარყოფისა და ახალი  წიგნის კონცეფციის იდეა. ამ პროცესის შედეგად დამკვიდრდა წიგნის ახალი ესთეტიკა, რომელიც თანაბრად აერთიანებდა ვიზუალურსა და ვერბალურ ელემენტებს. ასეთი წიგნები ხშირად იქმნებოდა სტამბის გარეშე, ხელნაწერის ან კიდევ შტამპური ანაწყობის სახით. ამდენად, მხატვარი წიგნის მთლიანი კონცეფციის ავტორად გვევლინება. არტისტული წიგნი წარმოადგენს მხატვრის შემოქმედების ნაყოფს. მხატვარი იყენებს წიგნის ფორმას როგორც შთაგონების წყაროს და სხვადასხვა ხერხისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის არტ ობიექტს, იყენებს წიგნის ტრადიციას, მაგრამ ქმნის ექსპერიმენტულ წიგნს.
კონკურსის მიზანი:
ტრადიციული წიგნის ფორმატისა და კონცეფციისგან განსხვავებული წიგნის ვიზუალიზაცია;
ექსპერიმენტული წიგნის განვითარების ხელშეწყობა;
ფართო საზოგადოების დაინტერესება არტისტული წიგნის ფენომენით და აღნიშნული დარგის პოპულარიზაცია ქართულ სახელოვნებო სივრცეში.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე პირებს. კონკურსისთვის მიიღება მხოლოდ საავტორო ნამუშევარი. მონაწილე წერილობით ადასტურებს თანხმობას კონკურსში მონაწილეობასა და კონკურსის პირობებზე.
კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ფლობთ საავტორო უფლებებს და გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია. კომპეტენტური და დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს საკონკურსოდ წარმოდგენილ ნიმუშებს და გამოავლენს გამარჯვებულს.
კონკურსში გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია პრიზი - 5000 ლარი.

კონკურსზე წარმოდგენილი არტისტული წიგნების შეფასების კრიტერიუმი:
კრეატიულობა;
კონცეფციის ორიგინალობა;
შესრულების ოსტატობა და ხარისხი.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილე კონკურსანტის CV/პორტფოლიო;
არტისტული წიგნის კონცეფცია (მაქსიმუმ 1 გვერდი);
არტისტული წიგნის ვიზუალური დოკუმენტაცია.

განცხადების მიღება:
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში ‘K.Z. Art Prize’ მითითებით.

ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: k.z.artprize@gmail.com

ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.

კონკურსის ვადები:
საკონკუროს განაცხადი მიიღება  2022 წლის 22 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: k.z.artprize@gmail.com; +995 599 75 65 04.шаблоны для dle 11.2