|
სამხატვრო აკადემიის ლაბორატორია „ლურჯი სუფრის“ მონაწილეობა მილანის საშობაო გამოფენა/ბაზრობაში - AF-L’Artigiano, the Global Village of Arts and crafts, ქ. მილანი, იტალია. 3-11 დეკემბერს, ქალაქ მილანში - რეწვის ნიმუშების უდიდესი, ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 300-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. გამოფენაში საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია „ლურჯი სუფრა“ უკვე მეშვიდედ მონაწილებდა. წელსაც, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ლურჯი სუფრის ლაბორატორიამ, მილანის საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე წარადგინა ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრები და ქართული ლურჯი სუფრის ხელსახოცები - შესრულებული სხვადასხვა მასალაში. კერძოდ, ბამბასა და სელზე, რომელთა შექმნის ტექნოლოგია ეფუძნება XX საუკუნეში აღორძინებულ - ბამბის, სელისა და აბრეშუმის ქსოვილისგან დამზადებული, სახიანი ქსოვილის ბეჭდვის XVI საუკუნის ქართულ ტრადიციას და რომლებიც იქმნება როგორც ტრადიციული, ცივი კუბური ღებვის მეთოდით, ისე თანამედროვე - ფოტოფილმბეჭდვით. მილანში პროექტი წარადგინეს: კურატორმა ეკატერინე გეგუჩაძემ და ლურჯი სუფრის ლაბორატორიის წარმომადგენელმა - ელდა ჭურღულაშვილმა. |