|
კულტურის სამინისტრომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის მიზნით კონკურსი გამოაცხადა დღეს, 1-ლ თებერვალს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემა“. სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს და მისი მიზანია ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კვლევის თუ გამომცემელთა საქმიანობის ხელშეწყობა; ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია, მათ შორის, წიგნი-ალბომის მომზადება/გამოცემის გზით: ა) 2023 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით; ბ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით საეტაპო მნიშვნელობის მოვლენების შესახებ. 2021 წლის კონკურსის ,,წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა“ ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენდა. კონკურსში მონაწილეობა 21-მა პროექტის ავტორმა მიიღო, აქედან დაფინანსდა სამი პროექტი. 2022 წლის კონკურსის ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემა“ ბიუჯეტი შეადგენდა 150 000 ლარს. კონკურსში მონაწილეობა 22-მა პროექტის ავტორმა მიიღო, აქედან დაფინანსდა შვიდი პროექტი. კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთაც მსგავსი პროექტის/პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ; ასევე, თავად ხელოვანს ან, თუ ის გარდაცვლილია, მისი ოჯახის წევრს; თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განცხადების წარმოდგენა. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება: საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებულ პროექტებს, რომლებიც ეძღვნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ხელოვანებს, რომელთა შემოქმედების სრულფასოვნად ამსახველი მაღალპოლიგრაფიული დონის წიგნი-ალბომი ჯერაც არ გამოცემულა, ან იშვიათია; ამასთან, იმ გამოცემას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წარმოჩენას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, თემის მნიშვნელობით, გამოცემის საერთო კონცეფციით, ვიზუალური მხარითა და ტექნიკური პარამეტრებით; ორენოვანი გამოცემის მომზადებას/გამოცემას (ქართულ-ინგლისური, ან ქართულ-ფრანგული). კონკურსში, შესაძლებელია, უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომლის წარმოდგენილი პროექტიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ, ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან 2023 წლის 10 თებერვლის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge , ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ. N: 032 2 022229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათებში. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 22 თებერვლისა. კონკურსის დასრულების შემდეგ, საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროს მიერ კონკურსანტს უკან არ დაუბრუნდება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau კონკურსის პირობები - https://cutt.ly/Z9ZELXF |