ENG


პეტერ მოენიგის ოთხთვიანი სასწავლო კურსი

16 / 04 / 2018

 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის, ბატონი გიორგი გუგუშვილის ინიციატივითა და პატრონაჟით, თსს აკადემიას ოთხთვიანი სასწავლო კურსით ეწვია ბატონი პეტერ მოენიგი, გერმანელი არტისტი, ფლუქსუსის წარმომადგენელი, დუსელდორფის აკადემიის კურსდამთავრებული, იოზეფ ბოისის მოწაფე და გერმანული სახელმწიფო ფონდის “პ.მოენიგის სახელობის ფონდი” დამფუძნებელი*. თსს აკადემიის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის გერმანელმა არტისტმა 12 აპრილს ოთხთვიანი სასწავლო კურსის* “ობიექტი როგორც სამგანზომილებიანი კომუნიკაციის ფორმა” ფარგელბში დაგეგმილი პირველი შეხვედრა ჩაატარა.

კურსი გახსნა თსს აკადემიის რექტორმა, მან მიმოიხილა პეტერ მოენიგის, როგორც თანამედეროვე არტისტის ღირებულება და ხაზი გაუსვა კურსის მნიშნელობას აკადემიის სტუდენტებისთვის. რექტორმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თსს აკადემიის პარტნიორების: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, პეტერ მოენიგის სახელობის ფონდის და სენიორ ექსპერთა მხარდაჭერის გერმანული ფონდის მისამართით, მათი აკადემიასთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა აღნიშნული კურსის თსს აკადემიაში განხორციელება. შეხვედრის შემდეგ, კურსზე 55 სტუდენტი დარეგისტრირდა. *ინფორმაცია არტისტის შესახებ: არტისტის გვერდი: https://www.kunstserviceg.de/moennig/ ვიკიპედია: https://de.wikipedia.org/wiki/Peter_M%C3%B6nnig *ინფორმაცია კურსის შესახებ: კურსი “ობიექტი როგორც სამგანზომილებიანი კომუნიკაციის ფორმა” შედგება 18 შეხვედრისგან. თითოეული შეხვედრა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. კურსი გათვლილია თსს აკადემიის არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, დიზაინის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, მედია ფაკულტეტისა და პერფორმატიული ხელოვნების წარმომადგენელ სტუდენტებზე. კურსის თეორიული ნაწილის მიზანია მონაწილეებს სიღრმისეულად დაანახოს ქანდაკების ისტორია, სწორედ ისტორიულმა პროცესებმა მიიყვანეს დღევანდელი დასავლური სკულპტურული პრაქტიკები იმ ტენდენციებამდე, რომლებმაც განსაზღვრეს ქანდაკების ხასიათი დასაველთში. კურსის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილე სტუდენტებს პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით შესაძლებლობა მიეცემათ ქანდაკების თანამედროვე მასალებში შექმნან მომავლის საკუთარი მონახაზი ფორმაში. თანამედროვე ვიზუალური კულტურის აწმყოსა და მომავალს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, სწორედ მათზე აპელირებით შეეცდება არტისტი კურსის მსვლელობისას გამოამუშავებინოს თითოეულ მონაწილეს ვიზუალურ ნიშანთა ინდივიდუალური სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დაეფუძნება იმ მოცემულობას, რომ უკვე დიდი ხანია ე.წ. სახვითი ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების შერწყმის პროცესი მიმდინარეობს, რაც ქმნის კიდეც მომავლის ესთეტიკას. მეორეს მხრივ ჩვენი ვიზუალური კულტურის დეტერმინირება დიდი ხანია დამოუკიდებელი მანქანების მიერ ხდება, ისინი ალგორითმებისა და პროგრამების მეშვეობით აქტიურ მონაწილეობას იღებენ შემოქმედებით პროცესში, რომელსაც ნაწილობრივ ცვლიან კიდეც, ვინაიდან დღევანდელ მანქანებს საკუთარი სტრუქტურა და წესები გააჩნიათ, რომელთა ესთეტიკა ფეხს იკიდებს თანამედროვე ვიზუალურ კულტურაში. კურსის მსვლელობისას შემოთავაზებული ვიზუალური სავარჯიშოები ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს დაეხმარება გაიაზროს, რომ ადამიანური კულტურის პროდუქტს - ობიექტს, ინსტალაციას, ქანდაკებას სივრცული დიზაინის გაგებისთვის ყველა საჭირო პარამეტრი გააჩნია და მიიღოს მონაწილეობა სივრცული დიზაინის ინტერპრეტირების პროცესში. კურსის მსვლელობისას განხილული იქნება კლასიკური კულტურა, როგორც მთელი ოპტიკური სამყაროს გამხსნელი გასაღები და მოხდება ობიექტის, როგორც ყველა ტიპის ვიზუალური კომუნიკაციის მონაწილე სამგანზომილებიანი ფენომენის გააზრება.шаблоны для dle 11.2