ალბომის პრეზენტაცია დაგეგმილია პერსონალური გამოფენის გახსნის დღეს (ა.წ. 20 დეკემბერი).
ზურაბ გაბუნიას შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლების მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შემოქმედებაში ძირითად, და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკას ზეთის საღებავები.
მხატვარი ზურაბ გაბუნია მხატვართა რამდენიმე თაობის აღმზრდელი პედაგოგია. ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში 12 წელი და 20 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიური მოღვაწეობისა. 1993 წლიდან სამხატვრო აკადემიის სტუდენტების პლენერზე საზაფხულო და საშემოდგომო პრაქტიკის ხელმძღვანელი.
ზურაბ გაბუნია დაიბადა 1948 წლის 24 თებერვალს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. სწორედ აქ გაატარა ბავშვობის წლები, აქვე სწავლობდა სკოლაში. შემდეგ გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად, სადაც ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო ფერწერის ფაკულტეტზე, კორნელი სანაძის, გიორგი (ჟორა) ჯაშის, კოკი მახარაძისა და აპოლონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობით.
იგი აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს, იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საგამოფენო ცხოვრებაში. 1976 წლიდან მხატვართა კავშირის წევრი ხდება. 2007-2012 წწ. მხატვართა კავშირის თანათავჯდომარე. მხატვარი მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში: მოსკოვში, მიუნხენში, ვერონაში, თეირანში, ნოი-ორკსა და ლოს-ანჟელესში. 1991 წელს ტალინში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „Mare Balticum”-ს ფარგლებში მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1996 წელს იგი დიჟონში ბურბონების სასახლეში გამართულ გამოფენაში მონაწილეობს. გასული საუკუნის 90-იან წლებში მან ბერძნული მითოლოგიის სიუჟეტებით მოხატა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიული დარბაზი. ზ. გაბუნია არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2003 წელს, ტაჯიკეთში ისმაილ სამანის, ხოლო 2011 წელს, გიორგი შარვაშიძის პორტრეტებზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.
шаблоны для dle 11.2