ENG


მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში

31 / 05 / 2019

 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი გიწვევთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნინო ნანობაშვილის საჯარო ლექციაზე - „მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში და ალესანდრო ალორის დავიწყებული სურათი“.
ფლორენციის ხელოვანთა აკადემია 1563 წელს დაარსდა და ხელოვანებისა და დიდგვაროვნებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. აკადემიის დაარსებისთანავე, მედიჩების ოჯახი და სახელოვნებო წრეები აქტიურად ზრუნავდნენ საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენაზე. ლექციაზე საუბარი იქნება იმ უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში. 
მოხსენება შეეხება ასევე, მიქელანჯელოს მემკვიდრეობის მნიშვნელობას და აგნოლო ბრონძინოს მოსწავლის, ალესანდრო ალორის სურათს - „ქრისტე წმინდა კოსმას და დამიანეს შორის“, რომელიც ფლორენციის ხელოვანთა აკადემიის პერიოდში არსებულ, მრავალ აქტუალურ თემას ეხმიანება.

ნინო ნანობაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ერთწლიანი სწავლის შემდეგ, 2006 წელს, სწავლა მიუნხენის - ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც 2011 წელს წარჩინებით დაასრულა სამაგისტრო კურსი. ამის შემდეგ კი, 2017 წელს, პროფესორ ულრიხ ფისტერერის ხელმძღვანელობით, წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი იტალიური ჩანახატების თემაზე. მეცნიერს ვილიგსტის ფონდში მოპოვებული აქვს სამწლიანი სახელმწიფო გრანტი.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია

მისამართი: ძმები ზუბალაშვილების 47
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მე-3 სართული, აუდიტორია 306шаблоны для dle 11.2