ENG


საჯარო ლექცია „თბილისური ვერცხლის ჭურჭელი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმების კოლექციიდან“

5 / 12 / 2019

 

2019 წლის 4 დეკემბერს გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - ანა შანშიაშვილის საჯარო ლექცია „თბილისური ვერცხლის ჭურჭელი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმების კოლექციიდან“.


ლექცია გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (FR17-503 - "ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე. წამყვანი ორგანიზაცია: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. Inga Karaia) ფარგლებში.

სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში, კერძოდ, რუსეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და სახელმწიფო ერმიტაჟში დაცულია XIX ს. თბილისური ვერცხლის ჭურჭლის საკმაოდ დიდი კოლექცია, რომლის შეპირისპირება საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებთან, ანასტილოსის საინტერესო მაგალითს წარმოადგენს. კერძოდ, ერმიტაჟის კოლექციაში ვხვდებით ეკატერინე ჭავჭავაძის ნაქონ ყარყარას, რაც ერთიან კოლექციას ქმნის ქუთაისის ისტორიული მუზეუმის კოლექციასთან (დადიანების კუთვნილი ვერცხლეულობა) ერთად; რუსეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ვერცხლის სინის პირდაპირი პარალელი ინახება შატო მუხრანის კოლექციაში, ხოლო ერმიტაჟის სომხური კოლექციის დარბაზში გამოფენილი ვერცხლის სურებისა და ფიალების შედარება პარალელურ მასალასთან (კერძო კოლექციები, გ. ელიავას სახ. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექცია), უდავოს ხდის იმ ფაქტს, რომ ეს ჭურჭელიც თბილისურ სკოლას მიეკუთვნება. ცალკე უნდა გამოიყოს თავისი იკონოგრაფიით გამორჩეული რამდენიმე ნივთი რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის კოლექციიდან. მაგალითად, ყარყარა უნიკალური ეროტიკული სცენით, რომლის ფართო კულტუროლოგიურ კონტექსტში ანალიზს საინტერესო დასკვნებამდე მივყავართ.
მოხსენებაზე წარმოდგენილი იყო ავტორისეული დაკვირვებები და მოსაზრებები სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში ვერცხლის ჭურჭლის თემატურ-იკონოგრაფიული წყაროების შესახებ, რაც, თავის მხრივ, გამყარებული იქნა პარალელური მასალის ანალიზით.

шаблоны для dle 11.2