ENG


სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

28 / 05 / 2020

 
მოგეხსენებათ, მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიად გამოცხადების პირობებში, საქართველოშიც შეიქმნა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რის გამოც სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურ/ონლაინ რეჟიმზე გადავიდა - როგორც საშუალო სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამხატვრო აკადემიაშიც, სალექციო პროცესი გახდა დისტანციური.


გვსურს, უკლებლივ ყველა სტუდენტმა იცოდეს, რომ სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები მომართულები ვართ, შეგიქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის უწყვეტობას და მეორეს მხრივ - დაიცავს ჩვენი სტუდენტების ჯანმრთელობას, რაც ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტია.


ადმინისტრაციისთვის და ყველა ლექტორისთვის, მნიშვნელოვანია სწავლების მაღალი ხარისხი, მითუმეტეს ისეთი სპეციფიკური საგნების შემთხვევაში, რომლებიც სამხატვრო აკადემიაში ისწავლება. ეს განსაკუთრებით ეხება პრაქტიკულ საგნებს, რომელთა დისტანციურად მიწოდება და ათვისება რთულია და გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ლექტორებისთვის. შესაბამისად, ჩვენი დიდი სურვილია, ამ საგნების სალექციო კურსები მოკლე ვადებში აუდიტორიული სწავლების ფორმატში დავაბრუნოთ. 


თუმცა, გარდა ჩვენი დიდი სურვილისა, ჩვენმა სტუდენტებმა უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცესისთვის სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაცია საფუძვლიანად ემზადება, რათა გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია და სანიტარული ნორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის დააწესა: შესაბამისი აუდიტორიების მომზადება, სადაც სტუდენტების განთავსება განსაზღვრული რაოდენობით მოხდება; სალექციო პროცესის დროს დისტანციის დაცვა, დეზინფექცია და სხვა... ეს არის რეგულაციების მხოლოდ ნაწილი, რომელთა შესრულების შემთხვევაში ჩვენ მოგვეცემა საბოლოო უფლება,  განვაახლოთ სასწავლო პროცესი პრაქტიკული სწავლების ნაწილში. 

მოგეხსენებათ, ქვეყანაში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური დინამიკა მშვიდი და სტაბილურია, თუმცა ჩვენ მთლიანად ვემორჩილებით მთავრობის მიერ შემუშავებულ წესებს და კვლავ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას - რეგულაციების შემუშავებასთან და სწავლების განახლების უფლებასთან დაკავშირებით. 


მადლობა თითოეულ თქვენგანს დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის, მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის. აკადემიის ადმინისტრაცია სისტემატურად ეცნობა სტუდენტების მოსაზრებებსა და პრობლემებს. ჩვენ ვცდილობთ გადავჭრათ ყველა არსებული პრობლემა და აქტიურად 

ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მალე დაგაბრუნოთ აუდიტორიებში


პატივისცემით,

სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაცია

шаблоны для dle 11.2