|
პროექტ
BE MUSEUMER-ის ფარგლებში საქართველოს მუზეუმების ასოციაცია ICOM
საქართველოს, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი),
ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გიწვევთ 6-7 ივლისს საერთაშორისო
კონფერენციაზე „მუზეუმები და კოვიდ19: გამოწვევები, გადაფასებები,
პერსპექტივები“ კონფერენციის დაწყების დრო: 6 ივლისი/17.00 სთ; 7 ივლისი/13.00 სთ. ჩატარების ადგილი: ონლაინ-სივრცე, ZOOM პლატფორმაკონფერენციაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულის მეშვეობით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენს ელ-ფოსტაზე მიიღებთ კონფერენციაზე დასწრების ბმულს და პროგრამას. კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ-ინგლისურ ენებზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის კულტურის პროგრამის გრანტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ფინანსური ხელშეწყობით. კონფერენციის მიზანია მუზეუმებში პანდემიის სიტუაციით გამოწვეული პრობლემებისა და გამოწვევების გაანალიზება, პანდემიამდე არსებული რიგი მიდგომებისა და ღირებულებების გადაფასება, სამუზეუმო ციფრული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, დისკუსიის გამართვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში სამუზეუმო საქმიანობის სამომავლო განვითარების საკითხებზე. კონფერენციის თემატიკა:
კონფერენციის შესახებ: კოვიდ 19-ის პანდემია ერთგვარ გამოწვევად იქცა ყველა სფეროსთვის, თუმცა, გლობალური კრიზისი უპრეცედენტო გავლენას ახდენს და სავარაუდოდ, მომავალშიც მოახდენს მთელი მსოფლიოს მუზეუმებზე. აღსანიშნავია, რომ სხვა კრიზისულ შემთხვევაში მუზეუმები არ დახურულა და მათი სივრცეები ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის შეხვედრებისა და სხვადასხვა თემებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. კორონავირუსის პანდემიის დროს კი, მთელ მსოფლიოში ათასობით მუზეუმი დაიკეტა და მათი ხელახლა გახსნის პროცესი დღეს ეტაპობრივად მიმდინარეობს. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ პერიოდში, როცა მუზეუმები დაკეტილი იყო, ისინი ასე ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა. ვინაიდან, ონლაინ-სივრცეში ვირტუალური ტურების, ვიდეო-ლექციების, დისკუსიებისა თუ სხვა აქტივობათა დემონსტრირების რაოდენობა და მასშტაბი განუზომლად და ყოველდღიურად იზრდებოდა. COVID-19-ის პანდემიამ თითქოს ერთგვარი ციფრული „აფეთქება“ გამოიწვია და მცირე მასშტაბის მუზეუმებმაც კი, მათ შორის რეგიონებსა და პერიფერიებში, უახლესი ტექნოლოგიების გარეშეც შეძლეს აუდიტორიისთვის საკუთარ კოლექციებზე ინფორმაციის მიწოდება, თუნდაც ისეთი მარტივი საშუალებით, როგორიცაა მაგალითად, ჰეშთეგებით მოთხრობილი ისტორია და ა.შ. სამუზეუმო სფერომ მიიღო გამოწვევა, ემოქმედა დაჩქარებული ტემპით, ბევრმა მუზეუმმა გააცნობიერა, თუ რას ნიშნავს მათთვის აუდიტორია და რომ შესწევთ ძალა, გაუმკლავდნენ კრიზისულ ეტაპს, მაშინ, როცა შეიძლებოდა პირიქითაც მომხდარიყო. ICOM-ის მიერ ჩატარდა გლობალური კვლევა სამუზეუმო სფეროში პანდემიის გავლენაზე, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მსოფლიოს მუზეუმების 80% აპირებს მაქსიმალურად შეამციროს თავისი პროგრამები, 30% გეგმავს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო მუზეუმების თანამშრომელთა 20%-მა უკვე დაკარგა სამსახური, 7,3% დისტანციურად აგრძელებდა მუშაობას პანდემიის პერიოდში. მუზეუმების 13% ფიქრობს, რომ შესაძლოა ხელახლა ვერ გაიხსნას, ხოლო 19% არ არის დარწმუნებული, თუ როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას. NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი, პანდემიის გამო, მაგალითად, სტედელიკის მუზეუმმა და რეიკსმუზეუმმა (ამსტერდამი) თვეში 2.5 მლნ. ზარალი განიცადეს. კონფერენციის ერთი სესია დაეთმობა პროექტ BE MUSEUMER-ის ბენეფიციართა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მოხსენებებს (10-10 წუთი). გელოდებით ონლაინ კონფერენციაზე! |