|
15 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა პრეს-კონფერენცია მედიისთვის - „ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის“. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებული, 2020-2021 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. დაფინანსებული პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ტექსტილის - „ლურჯი სუფრის“ დიზაინის მიმართულების პოპულარიზაციას, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და აღნიშნულ სფეროში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროექტი ხორციელდება თსსა აკადემიის - ლურჯი სუფრის ლაბორატორიის ბაზაზე, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2011 წლიდან ფუნქციონირებს. გრძელვადიანი პროექტი მოიცავს კონფერენციას, ვორშოფებს და ვებინარების სერიას საქართველოს ხუთ რეგიონში: შიდა ქართლი, ბოლნისი, მარნეული, პანკისი და დუშეთი. კონფერენციაში სპიკერების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ ტექსტილის დარგის მკვლევარები და მომხსენებლები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან და მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმიდან. |