ENG


კონკურსი სამეცნიერო კომიქსების შექმნაზე

23 / 09 / 2021

 
სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს სამეცნიერო კომიქსების კონკურსს.

კონკურსის მიზანია ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ახალგაზრდებისთვის და ამ გზით, ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ისევე როგორც - სამეცნიერო კომიქსის ჟანრისა და სამეცნიერო თემების გააქტიურებას ქართულ სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში.

კონკურსის პირობები
:

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს.
კონკურსის მონაწილეებს, სურვილისამებრ, კომიქსზე მუშაობის პროცესში აქვთ უფლება ითანამშრომლონ სხვა სფეროების წარმომადგენლებთან (მეცნიერები, ლიტერატორები და სხვა.) და მათთან ერთად შექმნან საკონკურსო ნამუშევარი.

2. საკონკურსო მასალა უნდა განეკუთვნებოდეს სამეცნიერო კომიქსის ჟანრს და პასუხობდეს კონკურსის თემას: ასახავდეს მეცნიერების მიღწევებს, მეცნიერთა წარმატების გზას, სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და ა.შ. სასურველია, ნამუშევარი წარმოაჩენდეს საქართველოს მეცნიერებასთან დაკავშირებულ თემებს (ქართველ მეცნიერთა ცხოვრების გზა და მათი სამეცნიერო მიღწევები, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობა, ქართველოლოგიური თემები, საქართველოში დადასტურებული სამეცნიერო აღმოჩენები და სხვ.) ან შეეხებოდეს ისეთ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს, როგორებიცაა მსოფლიო პანდემია, ვირუსი, ვაქცინა.

3. წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა მოიცავდეს როგორც გრაფიკულ, ისე ტექსტუალურ ნაწილს (ნახატი და ტექსტი), უნდა იყოს გამართული მხატვრული, სტილისტური და ტექნიკური თვალსაზრისით და სასურველია არ აღემატებოდეს A5 ფორმატის 15 გვერდს.

4. დაუშვებელია პლაგიატი - თუ ნამუშევარში დადასტურდება პლაგიატის შემთხვევა, საკონკურსო მასალა მოიხსნება კონკურსიდან.

5. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (იხ. განაცხადის ფორმა) და საკონკურსო ნამუშევრის ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატით) 2021 წლის 3 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:  info@art.edu.ge

6. საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია.

7. კონკურსის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები გამოიცემა სამეცნიერო კომიქსების კრებულის სახით.

8. სამეცნიერო კომიქსების კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის სამეცნიერო კომიქსის შექმნის სპეციფიკის საკითხებზე გაიმართება მასტერკლასი, რომელსაც გაუძღვება მხატვარი დავით მაჭავარიანი.

საპრიზო ფონდი:

საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, საკონკურსო კომისია ღია კონკურსის წესით განიხილავს ნამუშევრებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ:

I ადგილი: 1500 ₾.
II ადგილი: 1000 ₾.
III ადგილი: 700 ₾.


კონკურსის ვადები
:

• საკონკურსო მასალა მიიღება 2021 წლის 23 სექტემბრიდან - 3 ნოემბრის 18:00 საათამდე.
• სამეცნიერო კომიქსების თემაზე მასტერკლასი გაიმართება 2021 წლის 12 ოქტომბერს.
• კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდება 2021 წლის 10 ნოემბერს.

კონკურსთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას:
საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე, მობ: 599 222 012
ელექტრონული მისამართი: info@art.edu.ge

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა და გადმოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!шаблоны для dle 11.2