ნოდარ ამაშუკელი დაიბადა 1957 წლის 8 ივლისს ქ, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1982 წელს, არქიტექტურის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა საპროექტო ინსტიტუტ „კურორტპროექტში“ არქიტექტორად. სხვადასხვა წლებში იგი საქმიანობას განაგრძობს არქეოლოგიური კვლევის ცენტრში არქიტექტორად. არის ვანის არქეოლოგიური გათხრების არქიტექტორი. კრწანისის რაიონის მთავარი არქიტექტორი. მუშაობს ზურაბ წერეთლის შემოქმედებით სახელოსნოში. 1990 წლიდან პარალელურად იწყებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრაზე. 1997 წლიდან არჩეულია კათედრის გამგედ. ამჟამად არის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო კვლევები და ნაშრომები გურამ ყიფიანთან ერთად: „ კოლხური და ფრიგიული სახლები“, „ ვანი“ და სხვ. შესრულებული აქვს ილუსტრაციები არქეოლოგიური ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონისთვის.
არის მრავალი პროექტის ავტორი, სხვადასხვა არქიტექორებთან ერთად: სასტუმრო „ქარიშხალა“ დაბა ბაკურიანში, სამკურნალო წყლების პავილიონი დაბა ლიკანში. სანატორიუმი დაბა ქვიშხეთში. არქეოლოგიის მუზეუმი ქ. ვანში. არგონავტიკის მუზეუმის ინტერიერი და ექსპოზიცია დაბა ჭყვიშში. საქაერონავიგაციის დამხმარე ნაგებობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დიზაინ-პროექტი ქ. თბილისში. არქეოლოგიური ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის, გადახურვის პროექტები: დაბა ძალისაში, ქ. ვანში, ქ. ოზურგეთში და გრაკლიან გორაზე. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტი ქ. ფოთში. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტი დაბა ქვიშხეთში. ქ. თბილისში უშ. ჩხეიძის ქუჩაზე არსებული პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი. ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე თოჯინების თეატრის პროექტი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეკონსტრუქციის პროექტი. 2012 წელს ვენეციის მე- 13-ე არქიტექტურის საერთაშორისო ბიენალეს საქართველოს პავილიონის კურატორი.
ნოდარ ამაშუკელს 1996 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო -პედაგოგიური წოდება. 2003 წელს პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. არის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის და დიზაინერთა კავშირის წევრი. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი. მიღებული აქვს პრეზიდენტის მადლობა და ღირსების მედალი.