მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაკა ბახტაძე
კულტურის დინამიკის გათვალისწინებით მოდის დიზაინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომუნიკაციის გარკვეული სახეობა. მოდის დიზაინი, როგორც ხელოვნების დარგი, მხატვრობისა და ქანდაკებისგან განსხვავებით სინთეზურ ხელოვნებას წარმოადგენს. მოდის დიზაინში მოიაზრება ჩაცმის სტილისა და მანერის ვიზუალური და ტექნიკური ასპექტები.
მოდის დიზაინი დიზაინის ფაკულტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელის მიზანია ტრიკოტაჟისა და კრეატიული ქსოვილის ნაწარმის, კოსტუმის,ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სპეციალობით მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლებათ როგორც ცალკეული, ასევე კომბინირებული კოლექციების შექმნა სხვადასხვა სპეციფიკური ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოდის დიზაინის ოთხივე სპეციალობაზე (BA) სტუდენტები ეუფლებიან ცოდნას, რომელიც ეფუძნება :
- მხატვრული ნამუშევრის ისტორიულ, კულტურულ და სტილისტურ კონტექსტში ჩასმის უნარს;
- შემოქმედებითი აზროვნების უნარს;
- მოდის დიზაინის ისტორიის ცოდნს;
- დიზაინის პრინციპების ცოდნას;
- მოდის დიზაინისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების ცოდნას;
- სამგანზომილებიანი ფორმების ესთეტიკურ და პრაქტიკულ ფუნქციებზე დიზაინის ელემენტების(ფერი, ფაქტურა, თარგი) გავლენის ცოდნას;
- იდეიდან დასრულებულ პროდუქტამდე სამუშაოს განხორციელების(მათ შორის პორტფოლიოს მომზადების) უნარს;
- სხვადასხვა ბაზრისთვის დიზაინის შექმნის უნარს, რომელიც აღნიშნული ბაზრის ცოდნას ემყარება;
- მოდის დიზაინის სფეროში არსებული ტენდენციების დროული აღქმისა და მათზე სწრაფი რეაგირების უნარს.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მოდის დიზაინერები და ამ სფეროს მკვლევარები. პროგრამა ეყრდნობა ქართული კოსტუმის მდიდარ ეროვნულ ტრადიციებს,ითვალისწინებს სპეციალობის თანამედროვე ტექნიკურ-ტექნოლოგიურ მოთხოვნებს და კურსდამთავრებულებს აძლევს საჭირო ცოდნას შექმნან კომბინირებლი კოლექციები,როგორც ექსკლუზიური ასევე მასიური წარმოებისათვის.
სწავლის პროცესში სტუდენტები შეისწავლიან მერჩენდაიზინგის პრინციპებსა და წესებს,რაც გულისხმობს მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლების , სავაჭრო ფართის ორგანიზებისა და სავაჭრო მოწყობილობების პრინციპების ცოდნას.
ბაკალავრიატში ჩაბარების მსურველებმა უნდა გაიარონ ერთიანი ეროვნული გამოცდა და შიდა შესარჩევი ტური. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია შიდა გამოცდის (კომპოზიცია) და უცხო ენის ( B 2 დონე) ჩაბარების შემთხვევაში.
ამ მიმართულების კურსდამთავრებულების უმრავლესობა დღეს დამოუკიდებლად მუშაობს მოდის დიზაინერებად სასწავლო-შემოქმედებით ლაბორატორიებსა და მცირე საწარმოებში, მასმედიასა და შოუ-ბიზნესში,კინოსა და თეატრში, ასევე სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგებად.კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ძირითად სპეციალობასთან ერთად იმუშაონ მერჩენდაიზერად, პროდუქციის ბაზრის შემსწავლელ ანალიტიკოსად,ხარისხის სპეციალისტად მაღაზიებში,მოდის სალონებში,სავაჭრო ქსელებში,სპეციალურ ვიტრინებში, შოუ-რუმებში და ა.შ
მოდის დიზაინის მიმართულება აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მოდის კვირეულთან,გოეთეს ინსტიტუტთან,ბრიტანულ საბჭოსთან,BE NEXT-თან.სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებულად იღებენ მონაწილეობას ერთიან საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში,მასტერკლასებსა და ვორკშოპებში.
მოდის დიზაინის მიმართულება აერთიანებს ოთხ სპეციალობას:
• კოსტუმის დიზაინი;
• ტრიკოტაჟის დიზაინი;
• ტყავის ნაწარმის დიზაინი;
• კოსტუმისა და ქსოვილის დიზაინი