GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
შეხვედრა დამიან უამპლერთან (Damian Wampler)

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, 2017 წლის 8 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, ბატონ დამიან უამპლერს (Damian Wampler) უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა თსს აკადემიის რექტორი, პროფესორი გია გუგუშვილი, სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტების დეკანები, აკადემიის თანამშრომლები, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, ბატონმა დამიანმა, თსს აკადემიისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, თსს აკადემიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა მის მიერ, 2016 წელს პროექტის "არა ოჯახში ძალადობას" ფარგლებში შექნილი ქართველი აქტივისტი ქალების რამდენიმე ფოტო-პორტრეტი. დოკუმენტური ფოტოსერია ერთიანდება სახელწოდების "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალები საქართველოდან" ქვეშ.

 

შეხვედრის ფარგლებში, ბატონმა დამიანმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და განიხილა რამდენიმე, სოციალურად მნიშვნელოვანი ფოტო-პროექტი, რომლებიც მან საქართველოში, ჩინეთსა და ყირგიზეთში განახორციელა. ბატონი დამიანის მიერ გადმოცემული ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია თსს აკადემიის მედია ფაკულტეტზე, IV სართულზე, ფაკულტეტის დერეფნის საგამოფენო კედელზე განთავსებულ ექსპოზიციაში.

 

აქვე გთავაზობთ ინფორმაციას იმ ქალთა საქმიანობისა და მათი სამუშაო არეალის შესახებ, ვისი პორტრეტების ნახვაც ამიერიდან თსს აკადემიაში შეგიძლიათ:

 

რუსუდან გოცირიძე

 

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი. პირველი ქალი ეპისკოპოსი საქართველოში. იბრძვის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღსაკვეთად, თანასწორობის უფლების რეალიზებისთვის და შექმნა რელიგიათაშორისი დიალოგის პლატფორმა, რელიგიურ უმცირესობათა მხარდასაჭერად. ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელმაც საჯაროდ გამოხატა ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდაჭერა. რუსუდან გოცირიძეს, 2014 წელს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდო.

 

ანა ნაცვლიშვილი

 

ანა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეა, იგი 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2015 წლის დეკემბერში იგი საიას გამგეობამ მეორე ვადით აირჩია ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარედ. 2015 წლის ივლისიდან ანა ასევე არის კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის თავმჯდომარე, რომელიც აერთიანებს მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე 30ზე მეტორგანიზაციას საქართველოში.

 

ლია უკლება

 

ლია, ქალაქ ქუთაისიდან გახლავთ, იგი ფემინისტი მხატვარი და აქტივისტია. მისი ნამუშევრები ეძღვნება ადამიანის უფლებებს, ქალის უფლებებს და სოციალურ საკითხებს. მისი ხელოვნება წარმოაჩენს ქალის პრობლემებს საქართველოში, ქალის დისკრიმინაციის სტრუქტურულ ხასიათს. ლიას ნახატები უპირისპირდება რელიგიისა და პატრიარქატის სახელით ქალის დაქვემდებარებას. მისი სამუშაო თემებია: ქალთა უფლებები და სოციალური პრობლემები.პრემია: 2015 - კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

 

მაია ფელეიშვილი

 

მაია ფელეიშვილი გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. „9 წელია, ოჯახში და ბავშვებზე ძალადობის კუთხით ვმუშაობ და ვიტყვი: მოძალადეებს გენდერული ნიშნით არ ასხვავებენ, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლით, ქალი მსხვერპლი უფრო მეტი გვყავს. მომართვიანობის 2500 შემთხვევაზე გვქონდა რეაგირება. ეს კარგია იმ კუთხით, რომ ინფორმირების დონე იზრდება და სამართლდამცავებს ენდობიან, ანუ ქალებმა გაიაზრეს, რომ მათზე ძალადობენ.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთიანდებიან. უკვე არსებობს მულტიდისციპლინური ჯგუფები – პოლიციის, ჯანდაცვის და განათლების სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. მნიშვნელოვანია, მსხვერპლმა თვითონ განსაზღვროს, რომ ის მსხვერპლია. რაც უფრო გადის დრო ძალადობის პროცესში, მით უფრო ვეღარ აცნობიერებს მოძალადე, რომ ის ძალადობს. აუცილებელია, ძალადობის ფაქტზე დარეკოთ ცხელი ხაზზე 116006.
ჩვენი საკანონმდებლო ბაზა მართლაც საუკეთესოა, მაგრამ ევროპული საზოგადოებისგან ამით კი არა, სტერეოტიპებით განვსხვავდებით. თუ გვინდა, რომ ძალადობას ეფექტურად ვებრძოლოთ, უნდა მოვიშოროთ მთავარი სტერეოტიპები: შეხედულება „ეს ჩვენი საქმე არ არის“, მოძღვრის მიერ მრევლში იმის ქადაგება, რომ ქალი მორჩილებაში უნდა იყოს და ფიქრი იმაზე, თუ „სხვა რას იტყვის“.

 

თამარ ცქიტიშვილი

 

თამარ ცქიტიშვილი 2016 წელს, საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორად, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან ჰქონდა შეხება. „-გენდერული საკითხები და პოლიტიკა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, ვალდებულებად მიმაჩნდა და ვეხმარებოდი მსხვერპლებს დანაშაულისგან გამოწვეული სტრესის დაძლევაში, ვაწვდიდი ინფორმაციას მათთვის საჭირო სერვისების და ფსიქოლოგიური დახმარების შესახებ“.

გალერეა