GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
განცხადებები
სამხატვრო აკადემიის 2014 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება

დამტკიცებულია თსსა აკადემიური საბჭოს მიერ
2014 წლის 26 მარტი
ოქმი # 3


ა(ა)იპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის 2014 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება


მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. დებულება არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის — აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (შემდგომში "თსსა") შემოქმედებითი კონკურსის წესს, პირობებსა და ორგანიზების საკითხებს

2. ამ დებულების სამართლებრივი საფუძვლებია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანება "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" და სხვა ნორმატიული აქტები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა. თსსა შემოქმედებითი კონკურსი (შემდგომში _ კონკურსი) — თსსა-ში საბაკალავრო პროგრამით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, სწავლის უფლების მოსაპოვებელი, სავალდებულო პროცედურა, რაც ვრცელდება თსსა სახელოვნებო-შემოქმედებითი ფაკულტეტების (არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, დიზაინი, მედიახე-ლოვნება) აბიტურიენტებზე.
ბ. თსსა საგამოცდო ოფისი (შემდგომში - ოფისი) — რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი თსსა კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ მხარეზე პასუხისმგებელი ორგანო.
გ. თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენელი (შემდგომში _ თსსა წარმომადგენელი) — თსსა საგამოცდო ოფისის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს საგამოცდო პროცესს. საგამოცდო ოფისის წარმომადგენლები ინიშნებიან რექტორის ბრძანებით.
დ. თსსა შემოქმედებითი კონკურსის შემფასებელი კომისია (შემდგომში — შემფასებელი კომისია) — თსსა რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს აბიტუ-რიენტთა საგამოცდო ნამუშევრები;
ე. დამკვირვებელი — საზოგადოების წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო უფლება და კონკურსზე დაშვებულია დამკვირვებლის სტატუსით;
ვ. საპრეტენზიო/სააპელაციო საბჭო — აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით თსსა რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი ორგანო;
ზ. საგამოცდო ცენტრი — კონკურსის ჩატარების მიზნით, თსსა საგამოცდო ოფისის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;
თ. აბიტურიენტი — სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს თსსა სახელოვნებო-შემოქმედებით ფაკულტე-ტებზე (არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, დიზაინი, მედიახელოვნება) ბაკალავრიატის პროგრამით.
მუხლი 3. თსსა-ში აბიტურიენტების ჩარიცხვის წესი
1. თსსა-ში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 27 მარტის #127 ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-8 მუხლის, მე-3 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული "შერეული წესით", რომელიც გულისხმობს აბიტურიენტთა ჩარიცხვას თსსა კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
2
2. თსსა შემოქმედებითი კონკურსით გათვალისწინებული საგნისათვის კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ფაკულტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა
ზოგადი უნარები
უცხოური ენა
შემოქმედებითი ტურის დასახელება კოეფიციენტის მითითებით


სახვითი ხელოვნების
1  ქართული ენა და ლიტერატურა
1  ზოგადი უნარები
1   უცხო ენა
ხატვა 9


არქიტექტურის
1  ქართული ენა და ლიტერატურა
1  ზოგადი უნარები
1   უცხო ენა
ხატვა 9


დიზაინის
1  ქართული ენა და ლიტერატურა
1  ზოგადი უნარები
1   უცხო ენა
ხატვა 9


მედიახელოვნების
1  ქართული ენა და ლიტერატურა
3  ზოგადი უნარები
1  უცხო ენა
ხატვა 7


მუხლი 4. თსსა კონკურსის შედეგები
1. კონკურსის შედეგების მიხედვით დგინდება აბიტურიენტთა კომპეტენცია შესაბამის საგანში, რაც ეროვნული გამოცდების დებულებით გათვალისწინებული სამი სავალდებულო გამოცდის შედეგებთან ერთად ავლენს იმ აბიტურიენტთა ნუსხას, რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება თსსა შესაბამის ფაკულტეტზე;
2. ამ პროცესში თსსა პასუხისმგებლობას განეკუთვნება მხოლოდ კონკურსის სამართლიანი და ხარისხიანი ორგანიზება, ობიექტური შეფასება და კონკურსის შედეგების დროული მიწოდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სუბიექტისათვის.
მუხლი 5. კონკურსის ჩატარების ფორმა, შეფასების სისტემა და საფასური
1. თითოეული საკონკურსო ნამუშევარი ფასდება შემფასებელი კომისიის მიერ ასქულიანი სისტემით.
2. საკონკურსო ნამუშევარი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად
- საკონკურსო დავალების (მოცემულობის) საგანთა სასურათე სიბრტყეზე (ფორმატზე) კომპოზიციური განაწილება
- საკონკურსო დავალების (მოცემულობის) საგანთა მასშტაბური და პროპორციული ურთი-ერთდაკავშირება
- საკონკურსო დავალების (მოცემულობის) საგანთა აგება-კონსტრუირება
- შუქჩრდილების ტონალური განაწილება
- საკონკურსო დავალების (მოცემულობის) საგანთა მასისა და სიმკვრივის წამოჩენა
- მოცემულობის საგანთა ფაქტურის ასახვა
საკონკურსო ნამუშევარი შეფასდება ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ერთობლიობით. ამავე დროს თითოეული კრიტერიუმის მიხედვით ცალკე შეფასება არ კეთდება.
3. დაუშვებელია საკონკურსო დავალების შეცვლა: საკონკურსო ნამუშევარში მოცემულობის საგნების გადაადგილება, არარსებული ნივთების და/ან დეტალების გამოსახვა ან დავალების სხვაგვარად შეცვლა
4. აბიტურიენტი ვალდებულია საკონკურსო დავალება (მოცემულობა) შეასრულოს იმ რაკურსით, რომელიც ზუსტად შეესაბამება აუდიტორიაში აბიტურიენტის მიერ წილისყრით მიღებულ ფიქსირებულ ადგილს.
5. საგამოცდო ოფისის ხელმძღვანელს ევალება გამოცდის მსვლელობისას შეამოწმოს აბიტურიენტის მიერ შესრულებული საკონკურსო დავალების შესაბამისობა მოცემულობასთან და აბიტურიენტის ფიქსირებულ ადგილთან. საგამოცდო ოფისის ხელმძღვანელი აძლევს გაფრთხილებას აბიტურიენტს, ხოლო თუ აბიტურიენტმა არ შეცვალა საკონკურსო ნამუშევარი მოთხოვნების შესაბამისად, მას გააჩნია უფლება მიიღოს გადაწყვეტილება საკონკურსო ნამუშევრის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ კეთდება ჩანაწერი ოქმში.
6. კონკურსში მონაწილეობის საფასური წარმოადგენს 20 ლარს.
7. აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ნამუშევრის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 50 ლარს.
8. ამ მუხლის 6-7 პუნქტებით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება თსსა საბანკო ანგარიშზე.
9. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანხა. აბიტურიენტი უფლებამოსილია თანხის დაბრუნების შესახებ
3
განცხადებით (საქართველოს რომელიმე ბანკში გახსნილი პირადი ან მშობლის ანგარიშის რეკვიზიტების მითითებით) მიმართოს თსსა-ს საბოლოო შეფასების გამოქვეყნებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.
მუხლი 6. მონაცემთა ბაზები
კონკურსის ჩატარებამდე საგამოცდო ოფისი კონკურსის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრთან თანამშრომლობით ქმნის აბიტურიენტთა მონაცემთა ბაზებს.
მუხლი 7. საგამოცდო განაცხადი - აბიტურიენტთა რეგისტრაცია
1. კონკურსში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტთა რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრისა და თსსა საგამოცდო ოფისის მიერ.
2. თსსა საგამოცდო ოფისის მიერ აბიტურიენტთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად აბიტურიენტის მიერ თსსა ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად.
3. აბიტურიენტი ვალდებულია დანიშნულ დროს გამოცდაზე გამოცხადების ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე (მაგ. სხვა სახელოვნებო უნივერსიტეტში გავლილი რეგისტრაცია და უკვე დანიშნული შემოქმედებითი ტური და სხვ.) წერილობით მიმართოს საგამოცდო ოფისს რეგისტრაციის განმავლობაში და წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტები.
4. თუ აბიტურიენტი საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, მან წერილობით უნდა მიმართოს საგამოცდო ოფისს რეგისტრაციის დასრულებამდე და წარადგინოს სათანადო სამედიცინო ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
მუხლი 8. გამოცდისწინა რეგისტრაცია და საგამოცდო პროცედურები
1. აბიტურიენტი თსსა საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს განრიგით გათვალისწინებული კონკურსის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.
2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
3. გამოცდაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:
• ფანქარი;
• საშლელი;
• სახატავი დაფა 70X50 სმ, დაზიანებების გარეშე, რათა არ გამოიწვიოს სახატავი ფორმატის დეფორმირება/დაზიანება;
• ჭიკარტები
• პირადი ნივთები და დოკუმენტები მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე პაკეტში;
4. რეგისტრაციის შემდეგ თითოეულ აუდიტორიაში ტარდება კენჭისყრა ფიქსირებული ადგილის განაწილების მიზნით. აბიტურიენტი დაიკავებს კენჭისყრის შედეგად მიღებულ ადგილს და მას გადაეცემა სახატავი ფორმატი, რომელიც ვერტიკალურად უნდა დამაგრდეს სახატავ დაფაზე. ფორმატი უნდა იყოს სტანდარტული და ერთი ხარისხის.
5. ფორმატის არასამუშაო მხარე უნდა იყოს საგამოცდო ოფისის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული თსსა ბეჭდით.
6. აბიტურიენტის იდენტიფიცირებისათვის სახატავი ფორმატის წინა მხრიდან, ზედა მარჯვენა კუთხეში გამოიყოფა ველი, სადაც აბიტურიენტი მეთვალყურის თანდასწრებით შეიტანს საკუთარ სახელსა და გვარს. აღნიშნული ველი აბიტურიენტის თანდასწრებით საგამოცდო ოფისის წარმომადგენლის მიერ ილუქება სპეციალური შუქგაუმტარი ქაღალდით. დამცავი ქაღალდის ახსნა და აბიტურიენტთან იდენტიფიცირება ხდება ნიშნების დაწერის შემდგომ დამკვირვებელთა თანდასწრებით.
7. კონკურსის დაწყებამდე თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენლის მიერ ხდება საკონკურსო მოცემულობის დალაგება, საგამოცდო განრიგის მიხედვით თსსა რექტორის მიერ დამტკიცებული კომპოზიციების შესაბამისად.
8. მეთვალყურე მოკლედ გააცნობს აბიტურიენტებს კონკურსის ჩატარებისა და მუშაობის წესებს, მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო წარმოადგენს 5 ასტრონომიულ საათს. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
9. იმ აბიტურიენტთათვის, რომლებსაც აქვთ ფუნქციონალური დარღვევები, თსსა საგამოცდო ოფისი
4
შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
მუხლი 9. აბიტურიენტის უფლება-მოვალეობები
1. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა. დროულად გამოცხადდეს გამოცდაზე - საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ. თან იქონიოს წინამდებარე დებულების მე-8 მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტები და ნივთები;
გ. საკონკურსო სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევარი ჩააბაროს თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენელს;
დ. შეასრულოს წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები და თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენლის ცალკეული მითითებები.
2. კონკურსის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა. მობილური ტელეფონის, პეიჯერის, პლანშეტის ან სხვა ელექტრონული აპარატის გამოცდაზე შეტანა;
ბ. ხატვისას სახატავი/შავი ფანქრისგან განსხვავებული ფერისა და ფაქტურის საწერი/სახატავი საშუალებების გამოყენება;
გ. გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
დ. სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
ე. საგამოცდო ნამუშევარზე რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დადება (მათ შორის, დაზიანება, საკონკურსო დავალების შეცვლა და სხვა), რომელიც პირდაპირ არ გამომდინარეობს საგამოცდო დავალების შესრულებიდან;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება ოქმით.
4. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ხატვისას განსხვავებული ფერისა და ფაქტუ-რის სახატავი ფანქარის გამოყენებაში, ფორმატის დაზიანებასა და/ან სხვა მაიდენტიფიცერებელი ნიშნის დადებაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად, მას ჩამოერთმევა ფორმატი, რომლის სანაცვლოდაც მიიღებს სარეზერვო ფორმატს. ჩამორთმეული ფორმატი განადგურდება საგამოცდო ოფისის წარმომადგენლის, დამსწრებისა და აბიტურიენტის თანდასწრებით, რაზედაც გაკეთდება ჩანაწერი ოქმში. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება ოქმი აბიტურიენტის გამოცდი-დან მოხსნის შესახებ.
5. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის კონკურსიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.
6. შემოქმედებითი კონკურსის ნამუშევარი შეიძლება მოიხსნას კონკურსიდან საგამოცდო ოფისის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით საკონკურსო დავალების შეუსრულებლობის ან მაიდენტი-ფიცირებელი ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.
მუხლი 10. აბიტურიენტისაგან საკონკურსო ნამუშევრების ჩაბარება
1. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, საგამოცდო ფორმატის ჩაბარების შემდეგ დატოვოს საგამოცდო აუდიტორია თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენლის თანხლებით.
2. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის საკონკურსო ნამუშევარის ფორმატისა და ლუქის დაუზიანებლობას და იბარებს მას.
3. საგამოცდო დროის დასრულებისთანავე მეთვალყურე აგროვებს ყველა სამუშაო ფორმატს და გადასცემს თსსა საგამოცდო ოფისს.
4. ყველა ჩაბარებული ფორმატი გროვდება ერთად და ილუქება საგამოცდო ოფისის ხელმძღვანელის, დამკვირვებლებისა და აბიტურიენტების თანდასწრებით, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.
5. შემფასებელ კომისიას მუშაობის დაწყებამდე გადაეცემა დალუქული ნამუშევრები, რისთვისაც კომისიის თანდასწრებით საგამოცდო ოფისის ხელმძღვანელის მიერ იხსნება ლუქი, გადაითვლება ნამუშევრები და დგება სათანადო აქტი. აქტის გაფორმების შემდგომ შემფასებელი კომისია უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა.
მუხლი 11. განმეორებითი კონკურსი
5
საგამოცდო სექტორში და საგამოცდო ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეუძლებელს ხდის გამოცდის ჩატარებას, თსსა საგამოცდო ოფისს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელახალი შემოქმედებითი კონკურსის დანიშვნის თაობაზე, სადაც დაიშვებიან მხოლოდ ის აბიტურიენტები, ვინც დაშვებული იყო გამოცდაზე და არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ფორსმაჟორულ გარემოებათა მოქმედების გამო.
მუხლი 12. თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენელი/მეთვალყურე. დამკვირვებელი
1. თსსა კონკურსის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენლები და დამკვირვებლები. თსსა საგამოცდო ოფისის წარმომადგენელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრში განაწილება ხდება თსსა საგამოცდო ოფისის ხელმძღვანელის მიერ. საგამოცდო ცენტრში კონკურსის მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების დასწრება.
2. კონკურსის მეთვალყურე არის თსსა საგამოცდო ოფისის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად და საგამოცდო ცენტრში დაამყაროს წესრიგი.
3. კონკურსის დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელსაც თსსა რექტორის მიერ ან/და თსსა საგამოცდო ოფისის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირებლის აკრედიტაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
4. კონკურსზე მეთვალყურედ/დამკვირვებლად არ დაიშვება პირი, რომლის ნათესავი აბიტურიენტია და ეს აბიტურიენტი გამოცდას აბარებს იმავე საგამოცდო ცენტრში.
5. კონკურსზე დამკვირვებელი უფლებამოსილია აკონტროლოს საგამოცდო ცენტრში კონკურსის მიმდინარეობა, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა თსსა საგამოცდო ოფისს.
6. მეთვალყურესა და დამკვირვებელს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
7. თუ გამოცდის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ მეთვალყურე/დამკვირვებელი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, თსსა საგამოცდო ოფისი უფლებამოსილია დაატოვებინოს მას საგამოცდო ცენტრი.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი; მეუღლე; და-ძმა და მათი მეუღლეები და შვილები.
მუხლი 13. თსსა შემოქმედებითი კონკურსის შედეგების გამოქვეყნება
შედეგები ქვეყნდება შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, როგორც ელექტრონულ ფორმატში (თსსა ოფიციალურ ვებ-გვერდზე), ასევე ნაბეჭდი სახით (საინფორმაციო დაფაზე გამოკვრით)
მუხლი 14. თსსა შემოქმედებითი კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
1. თსსა კონკურსის ფარგლებში წარმოშობილი დავები განიხილება თსსა საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. თსსა შემოქმედებითი კონკურსის ბოლო ნაკადის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 18 საა-თამდე აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს საგამოცდო ნაშრომის ხელახალი შეფასება. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადას-ტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება აბიტურიენტთა მიერ თსსა საგამოცდო ოფისში.
3. საპრეტენზიო საბჭო განიხილავს ყველა საჩივარს თანმიმდევრულად. საჩივარის განხილვას შეიძლება დაესწროს მხოლოდ აპელანტი. საჩივარის დაკმაყოფილებაზე ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საპრეტენზიო საბჭოს მიერ კოლეგიალურად, საჩივრის განხილვის დასრულების შემდგომ.
6
4. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ეცნობებათ ინფორმაცია თსსა შემოქმედებითი კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ. მონაცემები ქვეყნდება თსსა ოფიციალურ ვებ-გვერდზე და საჯარო სტენდზე გამოკვრით.
მუხლი 15. თსსა შემოქმედებითი კონკურსის საბოლოო შეფასების დოკუმენტები
1. თსსა შემოქმედებითი კონკურსის დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვიდან არაუგვიანეს 2 დღისა, თსსა საგამოცდო ოფისი, თსსა რექტორს წარუდგენს კონკურსგავლილი აბიტურიენტების სიას, საბოლოო ნიშნების მითითებით, რის შემდეგაც დოკუმენტაცია იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და გამოქვეყნდება საჯარო ადგილას.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა ფორმდება მოქმედი კანონმ-დებლობის შესაბამისად.