ENG




თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები".
სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების 3 პედაგოგი: მანანა ძიძიკაშვილი, მანანა კოროშინაძე, დათო სილაგაძე და 6 სტუდენტი: ნინი საყვარელიძე, ლუკა ლეკიშვილი, სოფო კორძახია, მარიამ ჩადუნელი, ხვიჩა წენგუაშვილი, ეთუნა მელქაძე, 2023 წლის 20 მაისს შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - დიცი, ფლავისმანი, მერეთი, ქვეში საჯარო სკოლების მოსწავლეებს და გააცნეს სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობა; გადასცეს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები; ასევე, ჩამოაყალიბეს თემატური ჯგუფები სტუდენტებისა და მოსწავლეების შემადგენლობით, რომლებიც იმუშავებენ შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.


სამხატვრო აკადემიაში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და  ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  ირაკლი გივიაშვილმა და სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მთავარი მიზანია სტუდენტების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა, ასევე - სააგენტოს ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განსახორციელებელ სხვადასხვა პროგრამაში, პროექტსა და ღონისძიებაში აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.
მხარეები ხელს შეუწყობენ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში სააგენტოს მიერ აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობას მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.