თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების lV კურსის სტუდენტებმა: ნინო გოგოლიძემ და მარიამ ელიავამ გაიმარჯვეს კონკურსში და 2023 წლის ივლისში მიემგზავრებიან გერმანიაში, დრეზდენის საერთაშორისო პლენერზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი გერმანელ მხატვრებთან ერთად შექმნიან ფერწერულ ტილოებს, ჩაერთვებიან სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობასა და გამოფენაში Fama.Synchron. პროექტის დასასრულს კი, წარსდგებიან "კანალეტოს" კონკურსზე - დრეზდენის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალის Palais Sommer ფარგლებში.
Palais Sommer კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალია, რომლის უმთავრესი კომპონენტია საერთაშორისო პლენერი, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას (1962-2019) მიერ და რომლის ინიციატივითაც პლენერში, 2013 წლიდან სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან ჩართულნი.